ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯამბოლატ თედეევი, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ცესკომ" "პრეზიდენტობის კანდიდატად" დარეგისტრირებაზე უარი უთხრა, ცხინვალში მდებარე თავის სახლზე ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების მიერ იერიშის მიტანას ელის.
თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვთნელი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მმართველ რეჟიმს მისი დაპატიმრება და პროკურატურაში წაყვანა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ "გაზეტა რუ" ავრცელებს.
"ახლა, ისევე როგორც გასული ოთხი დღის განმავლობაში ჩემი სახლი ჩემივე მომხრეებითაა ალყაშემორტყმული. მრავალი მათგანი შიგნით იმყოფება, ისინი ორივე სართულზე არიან განაგებულნი. ისინი აქ ჭამენ და სძინავთ. სახლიდან ჩემი წაყვანა და პროკურატურაში წაყვანა სურთ", _ აცხადებს თედეევი.
"მე არსად არ წავალ, ვიდრე არ მივხვდები თუ კონკრეტულად რაში მდებენ ბრალს. ჯერ ჯერობით მე ვხედავ, რომ ხელისუფლება პოლიტიკური კონკურენტის ჩამოცილებას ცდილობს", _ აცხადებს თედეევი.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცესკო, ცდილობს ჯამბოლატ თედეევი ცხინვალში 30 სექტემბერს მომხდარ ინციდენტში დაადანაშაულოს. აღნიშნული ინციდენტის დროს თედეევის მომხრეებმა ე.წ. ცესკოს სხდომაზე შეჭრა სცადეს. სხდომაზე კი ამ დრპოს განიხილავდნენ უნდა დარეგისტრირებულიყო თუ არა თედეევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად. თედეევს ამასთან დაკავშირებით, სახლში სასამართლოს უწყებაც მიუტანეს, თუმცა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა იგი დახია.
ე.წ. გენპროკურატურაში კი ადასტურებენ, რომ ე.წ. ცესკოს სხდომაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და თედეევი ამ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით გადის.
შეგახსენებთ, რომ ჯამბოლატ თედეევს ე.წ. ცესკომ "პრეზიდენტობის კანდიდატად" რეგისტრაციაზე უარი უთხრა და მიზეზად ის დაასახელა, რომ თედეევს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ უცხოვრია.