ანსამბლი "რუსთავი" პოლონეთს ეწვევა. 8 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე, ანსამბლს ქ. ლუბლინის მუსიკალურ თეატრში ცნობილი ფესტივალი"ევროპის უძველესი სიმღერები" უმასპინძლებს, რომელიც უკვე მეთორმეტედ იწვევს უძველესი და მდიდარი ვოკალური კულტურის მქონე ქვეყნების საუკეთესო კოლექტივებს. ფესტივალის მიზანი იმ უძველესი მუსიკის ნიმუშების თავმოყრა და აჟღერებაა, რომლებიც ევროპის სხვადასხვა კუთხეში არსებული ტრადიციების მრავალსაუკუნოვან ისტორიას ადასტურებს.
ფესტივალს, ტრადიციულად, წინ უძღვის ეთნომუსიკოლოგებისა და სამეცნიერო ცენტრების კვლევები, დისკუსიები და ლექციები, სამუშაო შეხვედრები, გამოფენები.
პრესტიული ფესტივალის საპატიო სტუმარი - ანსამბლი რუსთავი სულ მალე დაასრულებს სამხატვრო ხელმძღვანელის ანზორ ერქომაიშვილის გრანდიოზულ პროექტს, რომელიც გულისხმობს მივიწყებული და ახლად აღდგენილი 300 ქართული ხალხური სიმღერის აუდიოჩანაწერების შექმნას. "ევროპის უძველესი სიმღერების" - სტუმრებს და ეთნომუსიკოლოგებს ეძლევათ უნიკალური საშუალება ცოცხლად მოისმინონ და შეაფასონ ამ პროექტიდან უძველესი სამუსიკო კულტურა.
ოქტომბრის ბოლოს ანსამბლი რუსთავი ეკვადორში წარმოაჩენს საკუთარ ხელოვნებას. მაისის დასასრულს ეკვადორის კულტურის დღეები ჩატარდა საქართველოში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ოფიციალური დელეგაცია. ახლა კი საპასუხო ვიზიტი მზადდება და საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში ანსამბლი რუსთავი გააცნობს ქართული სასიმღერო კულტურის უძველეს ნიმუშებს.
ნოემბრის დასაწყისში ანსამბლი რუსთავი მიემგზავრება შვედეთში, შემდეგ პოლონეთში, დაბოლოს, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, იტალიის რამდენიმე ქალაქში გამართავენ კონცერტებს.