ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრმა რუსთაველის თეატრში სპექტაკლი - მატეი ვიშნეკის "გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი" წარადგინა, რეჟისორ გიორგი თავაძის სპექტაკლში სამი მსახიობი თამაშობს, რომლებიც მოხუცი კლოუნების ისტორიას გვიამბობს. ბათუმის თეატრის მსახიობებს მამუკა მანჯგალაძეს და ტიტე კომახიძეს პარტნიორობას ამ როლისთვის სპეციალურად მოწვეული მსახიობი რამაზ იოსელიანი უწევდა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ამ დრამატურგის პირველი ნაწარმოები, რომელიც ქართულ სცენაზე პირველად სწორედ ბათუმში დაიდგა.
ბათუმის თეატრი ამ სპექტაკლით მონაწილეობს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული "Show Case" პროგრამაში.
როგორც თეატრში აცხადებე, ბათუმის თეატრის დასი 4 ოქტომბერს თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე საგასტროლო წარმოდგენას გამართავს. ბათუმის თეატრი 133 წლის განმავლობაში პირველად ეწვევა თელავის თეატრს.
მატეი ვიშნეკის პიესები მე-20 საუკუნის 50-იან წლებში რუმინეთის ცენზურამ აკრძალა. დრამატურგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამშობლო და პარიზში გადასახლდა. მისი პიესების უმრავლესობა სწორედ ფრანგულ ენაზეა შექმნილი. ვიშნეკის პიესები დადგმულია საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დანიის, ავსტრიის, პოლონეთის, ფინეთის, იტალიის, თურქეთის, ბრაზილიის, რუმინეთისა და მოლდავეთის სცენებზე. ქართულ სცენაზე კი მისი პიესა პირველად გიორგი თავაძემ ბათუმის თეატრში დადგა.
სპექტაკლი მოხუცი კლოუნების ისტორიებს მოგვითხრობს, რომლებიც საგანგებოდ გამოცხადებულ კასტინგზე შეხვდებიან ერთმანეთს. ისინი იხსენეbენ წარსულ წლებს და გაითამაშებენ უამრავ საცირკო ნომერს.
ბათუმის თეატრის სპექტაკლზე რუსთაველის თეატრში მისულ მაყურებელს სპექტაკლისთვის თვალის მიდევნება იარუსებიდან მოუწია, რადგან მოქმედების დიდი ნაწილი პარტერში მიმდინარეობდა.