"ჩვენ ბევრი კომპოზიტორი გვყავდა, ვინც ბრწყინვალედ წერდა სიმღერებს მაგრამ ბიძინა კვერნაძე იყო აბსოლუტურად განსხვავებული, მე ვიტყოდი თავისი პოეზიით", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გია ყანჩელმა კომპოზიტორის საღამოზე.
ბიძინა კვერნაძის სიცოცხლეში, ორი უდიდესი კომპოზიტორი თავიანთ შემოქმედებას ერთმანეთს უზიარებდნენ, შენიშვნებს ითვალისწინებდნენ და როგორც გია ყანჩელი აღნიშნავს ისინი საუკეთესო მეგობრებიც იყვნენ.
"მე მხვდა ბედნიერება ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნით ვყოფილიყავი ბიძინას გვერდით. ის იყო ჩემი მასწავლებელი, არამარტო კონსერვატორიაში, არამედ მის გარეთაც. არ მახსოვს დამეწეროს ნაწარმოები და მისთვის არ მენახოს. არ მიმეღოს შენიშვნები. მე მის მელოდიებს ღვთაებრივს ვუწოდებ. ბიძინა დაჯილდოვებული იყო განსაკუთრებული ნიჭით", - განაცხადა ყანჩელმა.
შეგახსენებთ, რომ გია ყანჩელმა კომპოზიტორზე "თიბისი" გალერეაში ისაუბრა, სადაც ბიძინა კვერნაძის წიგნის "ხანდაზმული ვარ, ხან არა..." პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართა.