ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, დღეს, 2 ოქტობერს, 20:00 საათზე სახელგანთქმული ფრანგული ჯგუფის "გოტან პროჯექტის" კონცერტი გაიმართება, სადაც ჯგუფი ქართველ მსმენელს თავის მესამე ალბომს "ტანგო 3.0"-ს წარუდგენს.
ცნობისთვის, კოენ სოლალის, ედუარდო მაკაროვის და ქრისტოფ მიულერის ტრიომ "გოტან პროჯექტმა" 2000 წელს სადებიუტო ალბომი «La revancha del tango" ჩაწერა. ამ ალბომით ჯგუფმა მსმენელს ტანგოს სიამოვნებანარევი ნაღველით სავსე ჰანგებით, არგენტინული სულითა და ვნებიანი მუსიკით გააცნო თავი. მეორე ალბომით "Lunático" (2006 წ.) გოტან პროჯექტმა თავისი უნიკალური საუნდი მეტი ცოცხალი ჩანაწერით და ჯაზური ჟღერადობით გაამდიდრა. პირველი ორი ალბომის უდიდესი წარმატების შემდეგ, რასაც ჯგუფის მსოფლიო ტურნე, 2 მილიონი გაყიდული დისკი და 400 კონცერტი მოჰყვა, გოტან პროჯექტმა მსმენელს მესამე, შესანიშნავი სტუდიური ალბომი "Tango 3.0" წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფის მუსიკა ისეთ ჰოლივუდის ცნობილ კინონაწარმოებებშია გამოყენებული, როგორიცაა "ოუშენის 12 მეგობარი", "მოდი, ვიცეკვოთ" და "სექსი დიდ ქალაქში". განსაკუთრებით ცნობილია ბერნარდო ბერტოლუჩის ცნობილი ფილმის "უკანასკნელი ტანგო პარიზში" მთავარი მუსიკალური თემის გოტან პროჯექტისეული რემიქსი.
კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ეწყობა.