დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში 1-ელ ოქტომბერს, 14:00 საათზე, ერისთავების მუზეუმის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას გორის თეატრის მსახიობები, ადგილობრივი მომღერლები, პოეტები და ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ .
აღსანიშნავია, რომ მუზეუმი ფუნქციონირებს XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX -ის დასაწყისში ერისთავების მიერ აშენებულ მემორიალურ სასახლეში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია.
ცნობისთვის, მუზეუმში დაცულია მამა-შვილის, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების დავით და გიორგი ერისთავების ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალა: მემორიალური კოლექციები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ფოტომასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, დოკუმენტური მასალა.
ღონისძიებას დაესწრება ადგილობრივი მოსახლეობა, პედაგოგ-მასწავლებლები, სამედიცინო საბჭოს წევრები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.
იუბილე ადგილობრივი გამგეობისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.