გალაკტიონ ტაბიძის 120 წლის იუბილე პირველ და 2 ოქტომბერს გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნება. ორდღიანი ღონისძიებები პირველ ოქტომბერს ვაკეში, გალაკტიონის ძეგლთან დაიწყება, სადაც ანსამბლი "რუსთავი" და "ჩოხოსნები" წარდგებიან.
16:00 საათზე პოეტის თაყვანიმცემლები მერაბ ბერძენიშვილის კულტურულ ცენტრ "მუზაში" გადაინაცვლებენ, სადაც ირმა სოხაძე, ეთერ კაკულია და თეიმურაზ გუგუშვილი სიმღერებს შეასრულებენ. ღონისძიებას ჯემალ ღაღანიძე და დიმა ჯაიანი წაუძღვებიან. 2 ოქტომბერს იუბილე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დასრულდება.
როგორც ღონისძიებების ორგანიზატორი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის "მამულიშვილთა გახსენების" პრეზიდენტი ბონდო კობაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნავს, სპეციალურად გალაკტიონის 120 წლის იუბილესთვის გამოიცა 650-გვერდიანი წიგნი, რომლის მომზადებისთვის ბონდო კობაძეს ერთი წელი დაჭირდა.
"ოტია იოსელიანმა სიკვდილამდე თვე-ნახევრით ადრე გადმომცა თავისი მოგონებები გალაკტიონზე, რომელიც წიგნშიც შევიტანე. წელს დახმარებისთვის არც კულტურის სამინისტროს მივმართე და არც სხვა სამთავრობო სტრუქტურებს. მხოლოდ თბილისის მერიას მივმართე წერილობით, რომ გამოეყოთ გვირგვინი და ჰოლანდიური ყვავილები", - განაცხადა კობაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფონდ "მამულიშვილთა გახსენების" პროექტის ეგიდით ეს უკვე მეოცე ღონისძიებაა.