ხვალ, 30 სექტემბერს, დიდი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის გარდაცვალების დღეა. მწერალი 1937 წლის 30 სექტემბერს დახვრიტეს.
მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) 1880 წლის 20 (8) ნოემბერს მარნეულის რაიონში, სოფელ წერაქვში დაიბადა. იგი იყო XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.
პირველი მოთხრობა, "ჩანჩურა", 1903 წელს გაზეთ "ცნობის ფურცელში" გამოაქვეყნა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ "ივერიასა" და "გლეხს". მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო (სტატიათა ციკლი "გლეხის წერილები"). 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში. 1909 წელს სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. 1910 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1913 წლამდე დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა.
თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ მოთხრობა "ტყის კაცით" (1923) დაიწყო ჯავახიშვილის შემოქმედების II პერიოდი. მან ზედიზედ გამოაქვეყნა მოთხრობები და რომანები, რომლებშიც ქართული კლასიკური მწერლობის ტრადიციების ერთგული დარჩა. "ჯაყოს ხიზნებში" მწერალმა გვიჩვენა ერის ცოცხალი ორგანიზმის ორი წყლული - ფეოდალური არისტოკრატიის უკანასკნელი ნაშიერი, რევოლუციური ეპოქის მიერ გარიყული მოინტელიგენტო ხორცმეტი (თეიმურაზ ხევისთავი) და ბნელი სულითა და მოზღვავებული მტაცებლური ენერგიით აღჭურვილი ჯაყო. მწერალმა განათლებულ უმოქმედებას გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისთვის საშიშ მოვლენად მიიჩნია. რომანში "არსენა მარაბდელი" XIX საუკუნის I ნახევრის გლეხთა მოძრაობის ვრცელი პანორამაა გადმოცემული. "ქალის ტვირთში" წარმოსახულია XX საუკუნის დასაწყისის რევოლუციური მოძრაობა. ჯავახიშვილს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი პუბლიცისტური, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილი და ნარკვევი, ავტობიოგრაფიული ჩანაწერი. თარგმნა გი დე მოპასანის, ჰ. სენკევიჩის, ა. ჩეხოვის, პ. ისტრატის და სხვათა თხზულებანი. 1933-34 წლებში გამოვიდა ჯავახიშვილის რჩეულ თხზულებათა ოთხტომეული. შემოქმედებით ზენიტში მყოფ მწერალს მრავალი საინტერესო ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი.
ჯავახიშვილის თხზულებათა მომდევნო კრებული გამოქვეყნდა ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ - 1958-64 ("რჩეული თხზულებანი", ტ.1-6). მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.
1930 წელს ჯავახიშვილი დაუპირისპირდა ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, ამ უკანასკნელის მიერ ქართული ლიტერატურის კლასიკის აკრძალვის გამო. ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც მცირე ხნით მხარდაჭერა მიიღო. მისი "არსენა მარაბდელი" ხელმეორედ გამოიცა, დაიდგა თეატრში და გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს "ქალის ტვირთის" გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკ აქტივისტთა მწვავე კრიტიკას ვერ გაექცა. ამ ნაწარმოებში აღწერილია რევოლუციონერი, თუმცა თავადის ქალი, ივდითი, რომლის საყვარელი, მიწისქვეშა ბოლშევიკი მუშა - ზურაბი, დაარწმუნებს, მეფის ჟანდარმერ ავშაროვს გაჰყვეს ცოლად და მოკლას იგი. საბჭოთა იდეოლოგმა ვლადიმირ ერმოლოვმა რომანი დაგმო, ვინაიდან, მისი აზრით, ის ბოლშევიკებს ტერორისტებად ასახავდა რევოლუციამდელ საქართველოში. მეტიც, გაჩნდა ეჭვი, რომ ჯავახიშივლმა გააფრთხილა მწერალი გრიგოლ რობაქიძე მისი დაპატიმრების განკარგულების შესახებ და 1930 წელს გერმანიაში გაქცევაში დაეხმარა. საქმე კიდევ უფრო გართულდა 1936 წელს - მან ღიად შეაქო ფრანგი მწერალი ანდრე ჟიდი, რომლის "ღეტოურ დე ლ'Uღშშ" და მასში მოყვანილ ქართველ მწერალთა დახასიათება, ჟიდსა და ჯავახიშვილს ხალხის მტრების კვალიფიკაციას ანიჭებს.
1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება: "მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს". მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრრევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად.
მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს "აღიარებაზე". სასჯელი სისრულეში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1917 წლიდან ჯავახიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. აღნიშნული წლიდან იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და შედიოდა ამ პარტიის მთავარ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-921) ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალ-მარტი) შემდეგ იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: 1922-24 წლებში შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში.
ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები.