"თიბისი გალერეაში" ბიძინა კვერნაძის წიგნის "ხანდაზმული ვარ, ხან არა..." პრეზენტაცია ხვალ, 30 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის შემდეგ კონცერტი გაიმართება, სადაც ბიძინა კვერნაძის ნაწარმოებებს ნანი ბრეგვაძე შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა კვერნაძეს პირველი აღიარება მას 1959 წელს "ამიერკავკასიის მუსიკალურ გაზაფხულზე" შესრულებულმა სავიოლინო კონცერტმა მოუტანა. ეს ნაწარმოები შემდეგში "ცეკვა-ფანტაზიასთან" ერთად, არაერთხელ აჟღერდა უცხოეთის საკონცერტო დარბაზებში: ა.შ.შ., ავსტრია, შვეიცარია, პოლონეთი, უნგრეთი, იუგოსლავია და სხვა.
1965 წელს ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა მისი ბალეტი: "ქორეოგრაფიული ნოველები". ეს ოთხნაწილიანი საცეკვაო ფრესკა დიდი ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის სურათების მიხედვით შეიქმნა. ქართული ფოლკლორული სახეები, ძველი წესჩვეულებანი ახალი ფერებით აკიაფდა ერთაქტიან ბალეტში "ბერიკაობა".
1983 წელს თბილისის საოპერო სცენაზე რეჟ რ. სტურუამ დადგა კვერნაძის ოპერა "და იყო მერვესა წელსა". ოპერა იმთავითვე კრიტიკოსთა და მაყურებელთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ავტორს შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
ბიძინა კვერნაძე დრამატული სპექტაკლებისთვისაც შექმნა მუსიკა: შ.რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრი ("საქმიანი ადამიანი", "ეზოში ავი ძაღლია", "ჭინჭრაქა","თეთრი ბაირაღები", "ყვარყვარე"და სხვა.) კ. მარჯანიშვილის სახ. აკადემიური თეატრი ("მე ვხედავ მზეს", "ოქროს საწმისი", და სხვა ) ბიძინა კვერნაძე ათწლეულების მანძილძე აქტიურად თანამშრომლობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმთან". მისი არაჩვეულებრივი მუსიკა ჟღერს ფილმებში: "შეხვედრა მთაში", "უდიპლომო სასიძი", "ნატვრის ხე", "ბაკულას ღორები" და სხვა.
ქართული კინომუსიკის შედევრადაა მიჩნეული მუსიკა მრავალსერიანი ქართული ფილმისა "დათა თუთაშხია".