ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ჩეხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, დღეს, 18:00 საათზე, გაიმართება. სტუმრები ჩეხეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოლკლორული ანსამბლის „ჰრადიშტანის" კონცერტს მოისმენენ.
ცნობისთვის, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ციმბალების ანსამბლი „ჰრადიშტანი" ჩეხეთის ერთ-ერთი ისტორიული კუთხის, მორავიის, ძველ ქალაქ უჰერსკე-ჰრადიშტეში 1950 წლიდან მოღვაწეობს. მისი შთაგონების წყარო ხალხური მუსიკაა. „ჰრადიშტანი" მორავიული ციმბალების ანსამბლებიდან ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილია. ანსამბლში მუსიკოსების, მომღერლებისა და მოცეკვავეების არაერთი თაობა გაიზარდა. მას დიდი ხნის მანძილზე ხელმძღვანელობდა იაროსლავ სტანეკი. 1975 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და პირველი მევიოლინე ირჟი პავლიცაა.
აღსანიშნავია, რომ ანსამბლი წელიწადში დაახლოებით 150 კონცერტს მართავს. გამორჩეულია დასის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული პროექტები „იყო აუსტერლიცის ბრძოლა", „მორავიელ ავაზაკთა სიმღერები". ბოლო წლებში ჭარბობს ირჟი პავლიცასა და საცეკვაო დასის ხელმძღვანელ და ქორეოგრაფ ლადისლავა კოშიკოვას საავტორო პროექტები („მზებუდობის შესახებ", „ადამიანის შესახებ"...). აქ ფოლკლორისადმი ტრადიციული მიდგომა იცვლება უფრო თავისუფალი სასცენო ინტერპრეტაციით, თუმცა მისი ფილოსოფიური ხასიათი შენარჩუნებულია.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.