თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა საიუბილეო 160-ე სეზონი კონსერვატორიის დიდ დარბაზში გახსნა.
მრავალწლიანი ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ოპერის კოლექტივმა პირველად ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერზე" მიიწვია აუდიტორია. მსმენელმა ქართული კლასიკური ოპერა საკონცერტო შესრულებით მოისმინა.
"აბესალომ და ეთერს" ასრულებდნენ ოპერის სოლისტები: თეიმურაზ გუგუშვილი, მარიამ ქობალიანი, ელენე ჯანჯალია, მარიკა მაჩიტიძე, ელდარ გეწაძე, გოჩა დათუსანი-ჯიღაური, მანანა იორდანიშვილი, თამაზ საგინაძე, გიორგი მახარაძე, ბონდო გოგია, თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი _ ავთანდილ ჩხენკელი, ქორმაისტერი _ შალვა შაორშაძე) და სიმფონიური ორკესტრი.
"პირადად ჩემთვის "აბესალომ და ეთერის" პარტია 187-ე სპექტაკლია და ყოველთვის ყოველთვის ვმღერივარ როგორც პირველად", - აღნიშნა ტენორმა, თემურ გუგუშვილმა.
ოპერის საკონცერტო შესრულებას რევაზ ტაკიძე დირიჟორობდა.
ცნობისთვის, თეატრის შენობის რეკონსტრუქციის გამო, საოპერო სპექტაკლებს და კლასიკური მუსიკის კონცერტებს ოპერის თეატრი კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 30 სექტემბერს ამავე დარბაზში მომღერლების - სულხან გველესიანის, გიორგი მახარაძის, ლეგი იმედაშვილის, ირინე რატიანის, ელენა პუტილოვას, ლევან მაკარიძის, თამაზ საგინაძის, მანანა იორდანიშვილის, თეატრის გუნდისა და სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით, ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით საკონცერტო შესრულებით აჟღერდება ჯუზეპე ვერდის ოპერა "ნაბუქო".