კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს Art-კაფეში, ძველი თბილისის პანორამული რუკის პრეზენტაცია გაიმართა. რუკები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაბეჭდა და კომპანია "ჯეოლენდიმ" გამოსცა.
პრეზენტაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, მინისტრის მოადგილე დავით ქირია, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მაია სიდამონიძე, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, მოწვეული სტუმრები და კომპანია „ჯეოლენდის" წარმომადგენლები დაესწრნენ.
"რუკა მოიცავს თბილისის ისტორიულ ნაწილს: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მთაწმინდიდან აბანოთუბნის და მარცხენა სანაპიროს ნაწილს-მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის ჩათვლით. რუკაზე აღნიშნულია ამ სივრცეში არსებული ყველა ნაგებობა; მათ შორის კულტურის ობიექტები, ღირსშესანიშნაობები, ხუროთმოძღვრული ძეგლები და ადმინისტრაციული შენობები", - განაცხადა დავით ქირიამ.
აღსანიშნავია, რომ რუკაზე ხელითაა დახატული ძველი თბილისის ის შენობები, რომელიც გამორჩეულია კულტურული და ეროვნულ -კულტურული მემკვიდრეობის ნიშნით. მათ თან ერთვის შესაბამისი აღწერილობა.
ცნობისთვის, აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის დასრულებისთანავე, კულტურის სამინისტრო გამოსცემს პანორამული რუკის განახლებულ ვერსიას მტკვრის მარცხენა სანაპიროს ჩათვლით. თბილისის ისტორიული უბნების პარალელურად კი, იგეგმება, მესტიის, სიღნაღის, ქუთაისის, ყვარლის, მცხეთის, თელავის პანორამული რუკების გამოცემა.