საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში სტაჟიორთა მიღების პირველი ეტაპი იწყება.
ეკონომიკური განვითარების მინისტრმა დღეს ურთიერთანმშრომლობის მემორანდუმს პროეტში მონაწილე 5 ხუთი უმაღლესი სასწავლებლის რექტორთან ერთად მოაწერა. პროექტში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობენ.
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საშუალებას მისცემს ეკონომიკური, იურიდიული, სამშენებლო, კავშირგაბმულობის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნეს ადმინისტრირებისა და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს სტაჟირება სამინისტროში გაიარონ.
პოლოლიკაშვილის აზრით, სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის საკმაოდ საინტერესო ურთიერთობა იწყება, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, უფრო ახლოს იყვნენ სამინისტროსთან ინტეგრირებულნი.
"აუცილებლად უნდა შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ეს პროექტი კი სწორედ იმას ემსახურება, რომ რაც შეიძლება კვალიფიციური კადრები გვყავდეს. უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო კორუფციულ დაწესებულებად აღიქმებოდა, ეს პროექტი ამისთვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება. ადამიანს უნდა ეამაყებოდეს, რომ ჩვენს სამინისტროში გადის სტაჟირებას, ეს მისთვის პრესტიჟული უნდა იყოს", _ განაცხადა პოლოლიკაშვილმა.