"რობერტ სტურუა არ არის იმ რანგის ადამიანი, რომელსაც თეატრიდან ასეთი ზარზეიმით გაისტუმრებენ, მერე ეტყვიან, მოდი, 2 სპექტაკლი დადგიო და კიდევ ნაწყენი არ იყოს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობმა ნატა მურვანიძემ.
რეჟისორ რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრიდან წასვლას ნატა მურვანიძე მხოლოდ ერთ ფრაზას არ უკავშირებს და როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნავს, სტურუა წასვლის გეგმა დიდხანს მზადდებოდა.
"აქ არ არის ლაპარაკი, სამხატვრო ხელმძღვანელი იქნება თუ არა სტურუა, ამას ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორი ფორმითაც მოხდა ეს ყველაფერი. სტურუას წასვლა ერთი ფრაზის შედეგი არ არის. ეს ძალიან დიდხანს მზადდებოდა და სტურუამ მხოლოდ პროვოციერება გააკეთა. აქედან გამომდინარე, თვითონ გახდა მმართველი ამ სიტუაციის და არა ვიღაცის მსხვერპლი", - განაცხადა მურვანიძე.
შეგახსენებთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის შეთავაზებით, სტურუას წელიწადში 2 სპექტაკლის დადგმის უფლება აქვს. რაზედაც რეჟისორმა მოსაფიქრებლად 2 თვე მოითხოვა.
"ეს არის აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტი. მე, პირადად, მივესალმები იმ პრინციპულ ნაბიჯსაც, რომ არ დადგას და იმ ნაბიჯსაც, რომლითაც წელიწადში 2 სპექტაკლს მაყურებელს გვაჩუქებს. მემგონი, არც არავინ ეხვეწება დაბრუნებას", - აღნიშნა მსახიობმა.