თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქალაქის მერია იწყებს მეორე ეტაპს პროგრამისა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე", რომელიც პირველ რიგში სამშენებლო სფეროში დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
საუკეთესო სოციალური პროგრამა არის დასაქმება. კაცობრიობას ამაზე უფრო სოციალური პროგრამა არ გამოუგონია და ამიტომ ყველა ღონისძიება, აქტივობა და ძალისხმებვა უნდა იყოს მიმართული სწორედ იქეთკენ, რომ მოხდეს თითოეული სამუშაო ადგილის გაფრთხილება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ამის ხელშეწყობა. ვიწყებთ მეორე ეტაპს პროგრამისა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე", რომელიც პირველ რიგში სამშენებლო სფეროში დაასქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს", _ აცხადებს ქალაქის მერი და დასძენს, რომ პროგრამა ასევე ითვალისწინებს მშენებლობების სტიმულირებას.
უგულავას თქმით, პროგრამის განხორვიელების პირველი ეტაპის შემდეგ ჩანს გამოცოცხლება სამშენებლო სფეროში.
"ჩვენი ამოცანაა ეს პოზიტიური დინამიკა შევინარჩუნოთ, ამიტომ 2010 წლის თებერვლის ბოლომდე ყველა მშენებელს ექნება შესაძლებლობა საბუთები მოაგროვოს, დაელაპარაკოს იმავე პრინციპით ძველი თბილისის ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას და მათი თანხმობის შემთხვევაში შემოიტანონ წინადადებები. ამ წინადადებებს განვიხილავთ და იმავენაირი წესით დამატებითი დაფინანსება მიეცემა ყველა იმ კომპანიას, რომელიც ემსახურება შეჩერებული მშენებლობების განახლებას ", _ აცხადებს უგულავა.
"ეს პროგრამა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ გადავარჩინოთ დედაქალაქის ეკონომიკის 20-25 პროცენტი, რომელიც სწორედ მშენებლობაზე მოდის. აქ დასაქმებულია უამრავი ადამიანი. 50 მილიონი ლარი უკვე გამოიყო მიმდინარე პროექტებისთვის და ამით შევინარჩუნეთ დაახლოებით 5 ათასამდე სამუშაო ადგილი ამ სფეროში. ეს დინამიკა შესანარჩუნებელია 2010 წელს, ამიტომ 2010 წელსაც ეს პროგრამა იქნება ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სამშენებლო სფეროს "_ განაცხადა უგულავამ.