თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პენსიებისა და პენსიონერთა უზრუნველყოფის საკითხზე ისაუბრა. თბილისის მერის განცხადებით, 1-ლი მარტიდან, თბილისში ყველა კატეგორიის პენსიონერი, საერთო ჯამში კი ჯამში 205 ათასი თბილისელი, 10 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებს.
"250 ათასი თბილისელი მიიღებს 10 ლარით გაზრდილ პენსიას. გაისად ამ პროგრამის თანადაფინანსება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად არა 16, არამედ 20 მილიონი ლარი დაგვიჯდება. ცხადია, ყველა კატეგორიის პენსიონერზე გავრცელდება ასევე ის 25-ლარიანი ვაუჩერი, რომელიც წამლის შესაძენად იქნება განკუთვნილი და ასევე ყველა კატეგორიის პენსიონერზე გავრცელდება სატრანსპორტო შეღავათი ნახევარ ფასში ავტობუსითა და მეტროპოლიტენით მგზავრობა. ამ მიზნითაც გამოყოფილია 6 მილიონი ლარი ანუ საბოლოო ჯამში 26 მილიონი ლარი არის საპენსიო უზრუნველყოფისთვის თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2010 წლისთვის", _ განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული საბიუჯეტო ცვლილებები 28 დეკემბერს თბილისის საკრებულოს წარედგინება.