გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, არ მოჭრან ნაძვის ხეები. ცოცხალი საახალწლო ნაძვის ხეები, რომელთაც წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ექნება, ხვადასხვა სავაჭრო ცენტრში გაიყიდება.
"საქართველოში უკვე არის საშუალება, ახალი წლისთვის შევიძინოთ ცოცხალი ნაძვი, რომელიც არა ერთი, არამედ რამდენიმე წელი გაგვილამაზებს ახალ წელს. ნუ მოვჭრით უკანონოდ ნაძვის ხეებს. დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ დარღვევებს. შევეცადოთ დავიცვათ ჩვენი გარემო და გავილამაზოთ ახალი წელი," - განაცხადა ხაჩიძემ.
საქართველოს საახალწლო ცოცხალი ნაძვის ხეებით დანიური ფირმა ამარაგებს, რომელიც გამოყვანილია ქართული სოჭის თესლისგან და ამბროლაურის რაიონში იკრიფება.
გარემოს დაცვის სამინისტროში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც უკანონოდ მოჭრილი ნაძვის ხეების რეალიზაციის ფაქტებს გამოავლენს. გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ მკაცრი კონტროლი და პატრულირება განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამართალდარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 400-500 ლარამდე. ამას ემატება გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელიც ნაძვის, ფიჭვისა და სოჭის ჯიშის ხეებისათვის შეადგენს 220 ლარს თითოეულ მცენარეზე, ზომისა და წლოვანების მიუხედავად.
ქოთანში გაზრდილი ნაძვის ხის გაყიდვა კანონით აკრძალული არ არის. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრული დაცვით ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება სპეციალურ ქოთანში გამოიყვანოს გასაყიდი ნაძვის ხეები.