დღეს, 24 დეკემბერს, გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. გარემოს დაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას არ მოჭრან ნაძვის ხეები.
გარემოს დაცვის სამინისტროში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც უკანონოდ მოჭრილი ნაძვის ხეების რეალიზაციის ფაქტებს გამოავლენს. აღნიშნული ინსპექციის მიერ მკაცრი კონტროლი და პატრულირება მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.
სამართალდარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 400-500 ლარამდე. ამას დაემატება გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელიც ნაძვის, ფიჭვის და სოჭის ჯიშის ხეებისათვის თითოეულ მცენარეზე (ზომისა და წლოვანების მიუხედავად) 220 ლარს შეადგენს.
სამინისტროს განცხადებით, ქოთანში გაზრდილი ნაძვის ხის გაყიდვა კანონით აკრძალული არ არის. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრული დაცვით ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება სპეციალურ ქოთანში გამოიყვანოს გასაყიდი ნაძვის ხეები.
ცოცხალი საახალწლო ნაძვის ხეები, რომელთაც წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ექნებათ, ხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში გაიყიდება.
საქართველოს საახალწლო ცოცხალი ნაძვის ხეებით დანიური ფირმა ამარაგებს, რომელიც გამოყვანილია ქართული სოჭის თესლისგან და ამბროლაურის რაიონში იკრიფება.