14 სექტებერს, 17.00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი "ქარვასლა" წარმოადგენს მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის გამოფენას, ასევე კატალოგის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მხარდაჭერით გამოიცა.
ექსპოზიცია, სახელწოდებით "მოგონებები მომავალზე", მხატვრის 200-მდე ნამუშევარს გააერთიანებს. ცნობილი და ახალი, ბოლო წლებში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრებით კუხალაშვილის 25-ე პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
კუხალაშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვში, კულტურის სამინისტროს ფონდებში და ტრეტიაკოვსკის გალერეაში. ასევე აშშ-ში ბილი ჯოელის, სტენლი ტალკოტის, ქეთევან ბაგრატიონის, თემურ იაკობაშვილის და უამრავი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის, იტალიის, უნგრეთის, ისრაელის კერძო კოლექციებში.
კუხალაშვილი დაიბადა 1952 წელს. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებშივე მხატვრულად გააფორმა ელდარ შენგელაიას ფილმი "სამანიშვილის დედინაცვალი".
1987 წელს დასახელდა წლის საუკეთესო მხატვრად და დაიმსახურა მხატვართა კავშირის პრიზი და პირველი პრემია; 1996 წელს თბილისის სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო პირველი პრემია; 2001 წელს ხელოვნების საერთშორისო ფესტივალზე დაიმსახურა გრანპრი.