ხვალ, 12 სექტემბერს, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში პირველი საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი გაიხსნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ფესტივალი, რომელიც 18 სექტემბრამდე გაგრძელდება, ნიქოზის ხელოვნების სკოლის ინიციატივით, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტის ისაიას (ჭანტურია) ლოცვა-კურთხევით და შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის მხარდაჭერით იმართება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს, პოლონეთის, ბელორუსიის და რუსეთის დელეგაციები. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ანიმაციური ფილმების ჩვენება, ნიქოზის ანიმაციის სტუდიის ბავშვებისთვის პროფესიონალი ანიმატორებისგან მასტერკლასების ჩატარება და კულტურული ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანჩისხატის მგალობელთა გუნდი, გორის ქალთა კამერული გუნდი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,გორი" და ,,ჩრდილების თეატრი".
დაგეგმილია, ასევე, ალიასკის ქალაქ კოდიაკის სასულიერო აკადემიის გუნდის სოლო კონცერტიც. აშშ-ის 40 კაციანი დელეგაცია კოდიაკის სასულიერო აკადემიის რექტორის, მამა პაისის ხელმძღვანელობით საქართველოში 1 თვეს დარჩება და ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს დაათალიერებს.
ფესტივალის ორგანიზატორების აზრით, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში ასეთი ღონისძიების ჩატარება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის და განსაკუთრებით ბავშვების განათლებას და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.