რუსთაველის თეატრის სცენაზე რობერტ სტურუა მსახიობებს 12 სექტემბერს კვლავ რეპეტიციაზე შეხვდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობმა გოგა ბარბაქაძემ განუცხადა, რეჟისორი სპექტაკლ "ნადირობის სეზონში" სიახლეებს შეიტანს.
"რეპეტიცია აქამდეც უნდა გვქონოდა, თუმცა ვერ მოვახერხეთ. იმედია, ორშაბათს აღარ გადაიდება. "ნადირობის სეზონში" რეჟისორს რაღაც დეტალების შეცვლა სურს. მიუხედავად, რაღაც-რაღაც ინციდენტებისა, რეპეტიცია რა თქმა უნდა, რუსთაველის თეატრის სცენაზე იქნება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბარბაქაძემ.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა "რია ნოვოსტის" პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე "ნადირობის სეზონში" დეტალების შეცვლის შესახებაც ისაუბრა.
"ერთხელ ვითამაშეთ ოთარ ჭილაძის "ნადირობის სეზონი". ვფიქრობ, სიმბოლური სახელწოდებაა. ეს სპექტაკლი ჩემს შემოქმედებაში სიახლეა. ამ წარმოდგენის შემდეგ ძალიან აფორიაქებული მაყურებელი ვნახე. უჩვეულო სპექტაკლი გამომივიდა. ერთხელ კიდევ ვნახავ, შევცვლი რაღაცებს და შევაფასებ", - განაცხადა სტურუამ.
ცნობისთვის, სპექტაკლი "ნადირობის სეზონი" "თბილისის თეატრალურ ფესტივალზე" 29 სექტემბერს დაიდგმება.