10-18 სექტემბრის ჩათვლით ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში აჭარის ბავშვთა ქართული-ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "ხორუმი" მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალში მონაწილეობას ოცდაათი ქვეყნის შემოქმედებითი კოლექტივი მიიღებს, იგი ჰანანის პროვინციაში, ქალაქ ჟანგაიეში გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, ანსამბლი "ხორუმი" ჩინეთში 8 სექტემბერს, დილით გაემგზავრება.
ანსამბლს "ხორუმი" პარტნიორობას ფესტივალის განმავლობაში აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი "ბათუმი" გაუწევს. ჩინელი მაყურებლის წინაშე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები აჭარიდან განახლებული და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგებიან.
ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრები პეკინის კულტურის მინისტრთან და ჰანანის გუბერნატორთან.
ფესტივალი ჰანანის კულტურის დეპარტამენტის, ტურიზმის ბიუროსა და ჟანგაიეს მერიის ორგანიზებით გაიმართება.