თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 11 სექტემბრის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ამერიკული კლასიკური მუსიკის ფესტივალს წარმოადგენს. ამის შესახებ, "ჯი-ეიჩ-ენს" ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში აცნობა.
ფესტივალში მონაწილეობენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, ცნობილი ახალგაზრდა ამერიკელი პიანისტი სტივენ ბიუსი; კონცერტებს წარუძღვება დირიჟორი დავით მუქერია.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის პროგრამაშია გამოჩენილი ამერიკელი კომპოზიტორების ქმნილებები - აარონ კოპლენდის სიუიტა ბალეტიდან "აპალაჩური გაზაფხული", სამუელ ბარბერის კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის და ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის.
ცნობისთვის, საფესტივალო კონცერტები საქართველოს სამ ქალაქში გაიმართება: 11 სექტემბერს თბილისში რუსთაველის თეატრში, 12 სექტემბერს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში და 14 სექტემბერს ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრსა და მუსიკალურ დარბაზში.