დღეს, 8 სექტემბერს, 16:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება ღირსების ორდენებით დაჯილდოების ცერემონია.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივლისის № 21/07/03 განკარგულებით, დავით მონავარდისაშვილსა და ზურაბ ლომიძეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ღირსების ორდენით დააჯილდოებს.
დავით მონავარდისაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საბალეტო სპექტაკლების სცენოგრაფიის შექმნისა და თეატრალურ მხატვრობაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისთვის, ხოლო ზურაბ ლომიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ჯილდოვდებიან.
ცერემონიას კულტურის სამინისტროს, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
დავით მონავარდისაშვილი 2004-2009 წლებში თანამშრომლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან. დ. მონავარდისაშვილი არის თეატრში განხორციელებული რამდენიმე ბალეტის დამდგმელი მხატვარი. მათ შორის აღსანიშნავია "ზაფხულის ღამის სიზმარი" (თრეი მაკინტაერის ქორეოგრაფია), კ. მიოლერის "ციმბირიდან მოსკოვამდე" (ავგუსტ ბურნონვილის ქორეოგრაფია. თბილისში დაიდგა დანიის სამეფო ბალეტის ქორეოგრაფების მიერ), ა. მესაჟეს "ორი მტრედი" (ფ. ეშტონის ქორეოგრაფია). 2007 წელს ალექსანდრე ვასილიევთან ერთად მან შექმნა ა. კრეინის ბალეტ "ლაურენსიას" სცენოგრაფია ვახტანგ ჭაბუკიანის ამავე სახელწოდების ცნობილი ბალეტისათვის. დ. მონავარდისაშვილი მონაწილეობდა ჯორჯ ბალანჩინის, ფრედერიკ ეშტონისა და ავგუსტ ბურნონვილის ბალეტების სცენოგრაფიის განხორციელებაში. 2009 წელს დ. მონავარდისაშვილი მიწვეულ იქნა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სადაც გააფორმა ლ. მინკუსის ბალეტი "ბაიადერა".
ზურაბ ლომიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მნიშვნელოვანი თეატრალური დადგმები განხორციელდა. თეატრს გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებისა და არეულობის წლები. ზ. ლომიძის ხელმძღვანელობით თეატრში არ შეწყვეტილა შემოქმედებითი ცხოვრება, იმართებოდა პრემიერები. ეკონომიური და ენერგეტიკული პრობლემების მიუხედავად შესაძლებელი გახდა დასის შენარჩუნება, თეატრის მატერიალური ბაზა გადაურჩა განადგურებას. ამჟამად ზ.ლომიძე, როგორც თეატრის ტექნიკური დირექტორი, ხელმძღვანელობს თეატრის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოს.