დღეს, 15:00 საათზე, ასტრა პარკში, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი და ორგანიზაცია „თანამშრომლობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" დირექტორის მოადგილე ეკა ლალიაშვილი პროექტის „საგზაო უსაფრთხოება მშვიდობიანი მგზავრობისათვის" დახურვის პრეზენტაციას დაესწრებიან.
აფხაზეთის საჯარო სკოლების 50-მდე მოსწავლე კარტინგებით რბოლაში ჩაებმება, სადაც თეორიულ ცოდნასთან ერთად უსაფრთხო მოძრაობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს განიმტკიცებენ. გამარჯვებულებს აფხაზეთის განათლების სამინისტრო სამახსოვრო სიგელებს გადასცემს.
აღნიშნული პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყო და მის ფარგლებში პირველ ეტაპზე აფხაზეთის 14 საჯარო სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე და 30 პედაგოგი გადამზადდა. ორგანიზაციის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ტრენერებმა ახალგაზრდებს საგზაო მოძრაობის წესების დაცვა გააცნეს. პროექტის პარტნიორებმა, „ასოციაციამ დაცული მოძრაობა" და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაატარეს ტრენინგ-სემინარები თემაზე „სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა, კრიტიკული სიტუაციების, მართვა და პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის შედეგად ქ. თბილისის მერიის ხელშეწყობით აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მიმდებარე ავტომაგისტრალზე, ქვეითად მოსიარულეთათვის სამანქანე გზის უსაფრთხო გადაკვეთის უზრუნველსაყოფად შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნები დაიხაზა და ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის აღმნიშვნელი ნიშანი დაიდგა.პროექტის აუცილებლობა ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოს მასშტაბით მოზარდების დაზიანებისა და დაღუპვის მაღალმა სტატისტიკურმა მონაცემებმა გამოიწვია.
პროექტის მხადამჭერები არიან: ფონდი ,,განათლების ინსტიტუტი", ასოციაცია ,,დაცული მოძრაობა" და ფერმაცევტული კომპანია ,,ავერსი" .პროექტის პრეზენტაცია დღეს, „ასტრა პარკში" (ჩაჩავას ქუჩა #9 ,დიღომი) გაიმართება.