ხვალ, 20 ოქტომბერს, პარლამენტში ზვიად გამსახურდიას სიკვდილის ფაქტის შემსწავლელი კომისიის საკითხი გადაწყდება. ხვალვე გაირკვევა კომისია იქნება საგამოძიებო, თუ დროებითი კომისია. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკითხი ჯონდი ბაღათურიას მიერ არის ინიცირებული და ბიუროს სხდომაზეც თავად წარადგინა.
ბაღათურიას იდეას საპარალმენტო უმრავლესობაც იზიარებს და ოპოზიციაც. როგორც უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, "მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით არ არსებობდეს საზოგადეობაში ეჭვები და კითხვები და ჩვენი ვალდებულებაა ისტორიის წინაშე, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე მსჯელობა იყო უმრავლესობის შიგნითაც და აღნიშნავს რომ უმრავლეოსობა პრინციპულად ეთანხმება ბაღათურიას მოთხოვნას, თუმცა მიიჩნევს, რომ საკითხი რეგლამენტის დაცვით უნდა გადაწყდეს.
ასეთივე შეფასებას აკეთებს საპარალმენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე. თუმცა იგი კატეგორიულად აცხადებს, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას სწორედ საგამოძიებო კომსიია, რომელიც იქნება სათანადო ფუნქციებით აღჭურვილი და შეძლებს საკითხის სრულყოფილად გამოძიებას.
სესიაზე გადაწყდება კომისია იქნება საგამოძიებო, თუ დროებითი. აღსანიშნავია რომ ამ ორ კომისიას რეგლამენტის განსხვავებული ფუნქციები აქვს. რაც შეეხება კომისიის შემადგენლობას და ხელმძღავნელობას, ეს საკითხი კომისიის შექმნის შემდეგ გადაწყდება. თუმცა არაოფიციალურად უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომისიის თავმჯდომარე სწორედ ჯონდი ბაღათურია იქნება. საკითხიც ოფიციალურად მის მიერ არის ინიცირებული. გარდა ამისა, არაოფიციალურად ამ საკითხს უკავშირებენ კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში შემოსვლის საკითხსაც.