საქართველოს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მსოფლიოს მართლმადიდებელ ადგილობრივი ეკლესიების დიპტიხთან, ავტოკეფალიისა და ავტონომიის მინიჭებასა და გამოცხადებასთან დაკავშირებით შვეიცარიაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
მსოფლიოს მართლმადიდებელ ადგილობრივი ეკლესიების დიპტიხთან, ავტოკეფალიისა და ავტონომიის მინიჭებასა და გამოცხადებასთან დაკავშირებით, მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა შამბეზში (შვეიცარია). ამის თაობაზე მოხსენება გააკეთა ამ სხდომის მონაწილემ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) და დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე).
წმიდა სინოდი დაეთანხმა ყველა იმ გადაწყვეტილებას პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ამა თუ იმ ეკლესიისთვის ავტოკეფალიისა და ავტონომიის მინიჭებასა და გამოცხადებას, და მოიწონა ჩვენი დელეგაციის პოზიცია (დიპტიხის საკითხი სამომავლოდ გადაიდო).
შეგახსნებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა დღეს, 22 დეკემბერს გაიმართა. მას უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავმჯდომარეობდა.