საქართველოს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალების ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებზე ისაუბრა. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოთქვეს წმიდა სინოდის წევრებმა, რის საფუძველზედაც გაკეთდა განცხადება, რომ წმიდა სინოდს აქვს ერთსულოვნება და ამ ერთობით წლების განმავლობაში ემსახურებიან ღმერთს, სამშობლოს, ხალხს.
"ქრისტეს ეკლესიის მიზანიც მაცხოვნებელ რწმენაში საყოველთაო ერთობის მიღწევაა ღვთის სადიდებლად. აღვნიშნავთ იმასაც, რომ არიან ძალები, რომელთაც არ სურთ ეკლესიის მთლიანობა და სისავსე, არ სურთ ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობების დაცვა. ისინი ფსევდოლიბერალიზმის, ფსევდოკულტურისა და რელიგიური ინდეფერენტიზმის დანერგვისაკენ მოგვიწოდებენ და ამ მიზნის მისაღწევად ყველა სახის სიცრუესა და შეურაცხყოფას მიმართავენ, რათა ხალხს ეკლესიისადმი სიყვარული და ნდობა დააკარგვინონ. ამით კი სურთ, ერს მთავარი საყრდენი გამოაცალონ", _ აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს, სასულიერო პირების გამრავლებამ, სიკეთესთან ერთად, გარკვეული სურთულეები შექმნა, რაზედაც მსჯელობა, სჯულისკანონიდან გამომდინარე, წმიდა სინოდის სხდომებზე უნდა ხდებოდეს.
"სამწუხაროა, რომ მიმდინარე პროცესებში მასმედიის ის საშუალებებიც იღებენ მონაწილეობას, რომელნიც ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებიან. წმიდა სინოდი აღნიშნავს, რომ ანტიეკლესიურ კამპანიას ზიანი, პირველ ყოვლისა, სახელმწიფოსთვის მოაქვს, რადგან ეს არის საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მცდელობა. პროცესები თუ ასე გაგრძელდა, იძულებულნი ვიქნებით შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ, რათა დავიცვათ ჩვენი ეკლესიისა და ერის ღირსება", _ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა დღეს, 22 დეკემბერს გაიმართა. მას უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავმჯდომარეობდა.