ხვალ, 20 ოქტომბერს, პაატა ბურჭულაძის ფონდი "იავნანა" თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო აქციას გამართავს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, მსოფლიოში აღიარებული პროექტით "3 ტენორი" მაყურებლის წინაშე ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის ლა-სკალასა და ლონდონის კოვენტ გარდენის იტალიელი სოლისტები _ მარკო ბერტი და პიერო ჯულიაჩი და ცნობილი ქართველი მომღერალი, ბადრი მაისურაძე წარსდგებიან.
საღამოზე შესრულდება ცნობილი ნაწარმოებები, პროგრამაში შესულია ნეოპოლიტანური სიმღერები.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს. საქველმოქმედო კონცერტი ტელემარათონის ფორმით წარიმართება. აქციაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება.
ფონდი იავნანაუკვე ერთი წელია ყოველთვიურად ეხმარება აგვისტოს ომის შედეგად დაობლებულ 123 ბავშვს. 20 ოქტომბრის აქციით შემოსული თანხა აღნიშნული პროექტის გაგრძელებას მოხმარდება.