1-ელ სექტემბერს, 20:00 საათზე, ბათუმის ახლად გახსნილ ხელოვნების ცენტრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ცნობილი ქართველი სოპრანოს, ლამარა ჭყონიას საიუბილეო გალაკონცერტი გაიმართება.
საიუბილეო საღამოში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები, მათ შორის იტალიელი კრიტიკოსი და "შოუმენი" ენრიკო სტინკელლი, რომელიც საღამოს ერთ-ერთი წამყვანი იქნება, ასევე ესპანელი მსახიობი გარბინე ინსაუსტი, ამერიკელი არტისტი კრისტოფერ რობერტსონი, ახალგაზრდა ვარსკვლავები მარია რუისი და დენის ლეონე, ესპანელი მომღერალი გილერმო კონტრერასი. გალაკონცერტში მონაწილეობას ლამარა ჭყონიას ქალიშვილები, უცხოეთში მოღვაწე მომღერლები ნატა (ნიკოლი) და ეთერ (ლამორისი) ჭყონიები იღებენ, ასევე შალვა და დავით მუქერიები, სოფო გორდელაძე, მაია ბარათაშვილი, ირაკლი ჩოლოყაშვილი. მოწვეული სტუმრების უმეტესობა ქართველი სოპრანოს მოწაფეა.
საპატიო სტუმრის სტატუსით, საიუბილეო კონცერტისთვის საგანგებოდ ჩამოვიდა მსოფლიოს მრავალი პრემიის ლაურეატი, ოპერისა და კინოს რეჟისორი, ოსკაროსანი ჯანი კვარანტა.
მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით, საიუბილეო გალაკონცერტზე თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს ბათუმის სიმფონიური ორკესტრის წევრებთან ერთად. საღამოს დამხმარე რეჟისორია გოგი გიორგაძე, პროექტის ავტორი და პროდიუსერი კი ეთერ ლამორისი-ჭყონია.
ლამარა ჭყონიას 80 წლის საიუბილეო გალაკონცერტზე პოპულარული საოპერო არიები შესრულდება. საოპერო რეპერტუარის მოსმენის გარდა, მაყურებელს სიურპრიზებითა და იუმორით სავსე საღამო ელოდება, რომელსაც ქართველი და უცხოელი ოთხი წამყვანი წაიყვანს.