ცნობილი ქართველი სოპრანოს ლამარა ჭყონიას საიუბილეო გალაკონცერტთან დაკავშირებით ბათუმის ახლად გახსნილ ხელოვნების ცენტრში გენერალური რეპეტიცია ჩატარდა.
კონცერტის მონაწილეები უკვე ბათუმში იმყოფებიან, მათ შორის ოსკაროსანი ჯანი კვარანტაც.
შეგახსენებთ, რომ სოპრანო ლამარა ჭყონიას 80 წლის საიუბილეო საღამო ხვალ, 1-ელ სექტემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები, მათ შორის იტალიელი კრიტიკოსი და "შოუმენი" ენრიკო სტინკელი, რომელიც საღამოს ერთ-ერთი წამყვანი იქნება, ასევე ესპანელი მსახიობი გარბინე ინსაუსტი, ამერიკელი არტისტი კრისტოფერ რობერტსონი, ახალგაზრდა ვარსკვლავები მარია რუისი და დენის ლეონე, ესპანელი მომღერალი გილერმო კონტრერასი.
გალაკონცერტში მონაწილეობას სოფო გორდელაძე, მაია ბარათაშვილი და ირაკლი ჩოლოყაშვილიც მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ საიუბილეო კონცერტისთვის საგანგებოდ ჩამოვიდა მსოფლიოს მრავალი პრემიის ლაურეატი, ოპერისა და კინოს რეჟისორი, ოსკაროსანი ჯანი კვარანტა.
კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.