ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი 18 წლის სოფო იოსელიანის H1N1-ით გარდაცვალებას ამ ეტაპზე არ ადასტურებს. როგორც კვიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იოსელიანის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
"იქამდე არ შეგვიძლია ვთქვათ, მისი გარდაცვალების მიზეზი იყო თუ არა ე. წ. ღორის გრიპი. ამ ეტაპზე რისი თქმაც შეგვიძლია ის არის, რომ გოგონა საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში, ვირუსული ინფექციით მივიდა", - განუცხადა კვიტაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი განმარტებით, ამ დროისთვის საქართველოში H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 800-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 6 ლეტალურად დამთავრდა, 4 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა.