გათანამედროვებულ მიუზიკლ "ქეთო და კოტეს" მიმართ საზოგადოების მხრიდან ინტერესი დღითიდღე მატულობს. ორაზროვანმა შეფასებებმა ხალხი დააინტრიგა. პრესაში აჭრელებულმა სათაურებმა თეატრის მოყვარულები, მოდას აყოლილები თუ უბრალოდ დაინტერესებული ადამიანები გააერთიანა. თითოეულს ერთი კითხვა აქვს, როდის ჩამოაქვთ სპექტაკლი თბილისში. ამ თემაზე "ჯი-ეიჩ-ენიც" დაინტერესდა. მიუზიკლის გათანამედროვების იდეის ავტორს დავით დოიაშვილს დავუკავშირდით, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება. შესაბამისად, სპექტაკლის გადატანა-გადმოტანის შესახებ მხოლოდ მისი ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი.
"ბათუმში პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა, დავამატეთ ერთი დღეც, თუმცა დაინტერესებული ხალხის ნაკადი არ წყდება. ძალიან მინდა მალე ჩამოვიტანოთ თბილისში და ყველამ ნახოს, თუმცა "დოის" გარეშე ამ თემას ვერ ვწყვეტთ. რაც შეეხება მიუზიკლს, შემიძლია გითხრათ, რომ ეს საინტერესო თემაა და ახალია. იმედი მაქვს ამას აიტაცებენ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მარინა ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ მიუზიკლ "ქეთო და კოტეს" ახლებული ვერსია რეჟისორ დავით დოიაშვილს ეკუთვნის, რომელიც ბათუმის ხელოვნების ცენტრის სცენაზე გათამაშდა.