1-ელ სექტემბერს, 20:00 საათზე ბათუმის ახლგად გახსნილ ხელოვნების ცენტრში, ლამარა ჭყონიას საიუბილეო გალა-კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები, მათ შორის იტალიელი კრიტიკოსი და „შოუმენი" ენრიკო სტინკელლი, რომელიც საღამოს ერთ-ერთი წამყვანი იქნება, ასევე ესპანელი მსახიობი გარბინე ინსაუსტი, ამერიკელი არტისტი კრისტოფერ რობერტსონი, ახალგაზრდა ვარსკვლავები მარია რუისი და დენის ლეონე, ესპანელი მომღერალი გილერმო კონტრერასი. გალა კონცერტში მონაწილოებას ლამარა ჭყონიას ქალიშვილები, უცხოეთში მოღვაწე მომღერლები ნატა (ნიკოლი) და ეთერ (ლამორისი) ჭყონიები მიიღებენ, ასევე შალვა და დავით მუქერიები, სოფო გორდელაძე, მაია ბარათაშვილი, ირაკლი ჩოლოყაშვილი... მოწვეული სტუმრების უმეტესობა ქართველი სოპრანოს მოწაფეები არიან.
საპატიო სტუმრის სტატუსით, ლამარა ჭყონიასთან მისალოცად ჩამოვა მსოფლიოს მრავალი პრემიის ლაურეატი, ოპერისა და კინოს რეჟისორი, ოსკაროსანი ჯანი კვარანტა.
მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით, საიუბილეო გალა-კონცერტზე თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს ბათუმის სიმფონიური ორკესტრის წევრებთან ერთად. საღამოს დამხმარე რეჟისორია გოგი გიორგაძე, პროექტის ავტორი და პროდიუსერი კი ეთერ ლამორისი -ჭყონია.
ლამარა ჭყონიას 80 წლის საიუბილეო გალა-კონცერტზე პოპულარული საოპერო არიები შესრულდება. საოპერო რეპერტუარის მოსმენის გარდა, მაყურებელს სიურპრიზებითა და იუმორით სავსე საღამო ელოდება, რომელსაც ქართველი და უცხოელი ოთხი წამყვანი წაიყვანს.