მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, შესაძლოა, სეზონი ჩაიშლოს. ამის მიზეზად მსახიობების ერთი ნაწილი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ქეთი დოლიძის სამსახურიდან გათავისუფლებას ასახელებენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, დღეს გამართულ დასის შეკრებაზე გამოცხადებულ მსახიობებს თეატრის ახლადდანიშნულმა მმართველმა ზურაბ გეწაძემ მათ სამხატვრო საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილება გააცნო, რომელსაც მსახიობთა დიდი ნაწილი არ ეთანხმება.
სავარაუდოდ სამხატვრო საბჭოში კინომსახიობთა თეატრში მომუშავე რეჟისორებისა და ლიტერატურული ნაწილში გამგის, მანანა ანთაძის გარდა, შევლენ უფროსი თაობის მსახიობები ნინელი ჭანკვეტაძე, რამაზ იოსელიანი, ასევე რამდენიმე მსახიობი ახალგაზრდა თაობიდანაც. სამხატვრო საბჭოს წევრობა შესთავაზეს თავად ქეთი დოლიძესაც, რაზედაც რეჟისორმა და ამ თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა უარი განაცხადა და პროტესტის ნიშნად დასის შეკრება დატოვა.
დასის წევრთა ერთი ნაწილი მმართველის, ზურაბ გეწაძისგან ითხოვდა პასუხს, რატომ გათავისუფლდა ქეთი დოლიძე თანამდებობიდან. ორად გაყოფილი თეატრის მსახიობების ერთმა ნაწილმა, რომლებიც ქეთი დოლიძის წინააღმდეგ გამოვიდნენ, განაცხადეს, რომ მათთვის არავის უკითხავს სურდათ თუ არა ქეთი დოლიძე სამხატვრო ხელმძღვანელად და შესაბამისად მისი გათავისუფლებითაც არ დაინტერესებულან.
შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ქეთი დოლიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ქეთი დოლიძემ განუცხადა, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მარჯანიშვილის თეატრში 27 სექტემბერს დაგეგმილ თეატრალურ ფესტივალს "თბილისი ინტერნეშენელს" უკავშირდება. დოლიძის განცხადებით, ის ფესტივალის საბჭოს "ხელისუფლების წევრებისაგან" დაკომპლექტებას შეეწინააღმდეგა. მისივე თქმით, ფესტივალის საბჭოს წევრი თავად თბილისის მერი გიგი უგულავაა.
დოლიძე საკუთარი ინტერესების დაცვას სასამართლოში შეეცდება. მისივე თქმით, კონტრაქტის შეწყვეტამდე კულტურის მინისტრი ვალდებული იყო, განემარტა მისთვის თანამდებობიდან გათავისუფლების ზუსტი მიზეზები.