საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა ყვარლის რაიონის სოფელ გრემში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის სათემო სახლი გახსნა. ახალი შენობის პირველ სართულზე სასწავლო, ხოლო მეორე სართულზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საძინებელი ოთახები განთავსდება. სახლის მშენებლობა მთლიანად აშშ-მ დააფინანსა და პროექტი 309 223 ლარი დაჯდა.
`ეს მნიშვნელოვანი საქმეა. ჩემთვის ძალზედ სასიხარულოა, რომ დღეს აქ ვიმყოფები და ამ სახლის გახსნაში ვიღებ მონაწილეობას. ეს პროექტი კიდევ ერთი დასტურია იმ დამოკიდებულებისა, რასაც აშშ იჩენს საქართველოში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ~, - განცხადა აშშ - ს ელჩმა ჯონ ბასმა. მისივე თქმით, მსგავს პროექტებს აშშ-ს მთავრობა საქართველოში მომავალშიც განახორციელებს.
აშშ-ს მთავრობის დახმარება მნიშვნელოვნად შეაფასა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან გამსახურდიამ. `ათეული წლების განმავლობაში ამ სახლში მცხოვრებთ ჰქონდათ სერიოზული პრობლემები. არ ჰქონდათ საკმარისი და კარგი საძინებელი ოთახები, სასწავლო შენობა კი პრაქტიკულად არ არსებობდა. აშშ-ს მთავრობის დახმარებით ეს პრობლემები გადაიჭრა. ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული კახეთის გუბერნატორი. ადგილობრივი ძალებით ვგეგმავთ სათემო სახლთან მოსასვლელი გზის რეაბილიტაციას. უკვე მოგვარებულია სასმელი წყლით უზრუნველყოფის პრობლემა~, - განაცხადა ყვარლის გამგებელმა.
დღესვე სათემო სახლის ბინადრებმა აშშ-ს ელჩის და კახეთის გუბერნატორის მიერ მომზადებული საახალწლო საჩუქრები მიიღეს.