"საქართველო ცივილიზებული წესებით აპირებს რუსეთთან თამაშს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგი კაპანაძე "სივილ.ჯე-სთანნ" ინტერვიუში აცხადებს.
კაპანაძე რუსეთის პრეზიდენტ ის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც დიმიტრი მედვედევი ამტკიცებს, რომ ქართული მხარე რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების პოლიტიზირებას ცდილობს და მას კატეგორიულად არ ეთანხმება.
"გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც იქნება მიღწეული რუსეთთან ვმო-ში გაწევრიანების პროცესში, იქნება სტატუს-ნეიტრალური და მხოლოდ ვაჭრობაზე და ვმო-ს ნორმებზე ორიენტირებული და არავითარი შეხება არ ექნება პოლიტიკასთან. ამიტომ, მედვედევის და სხვა რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან მსგავსი ინსინუაციები, რომ საქართველო ახდენს საკითხის პოლიტიზაციას, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ასეთი განცხადებები რუსეთის მხრიდან სწორედ მათ მიერ ამ პროცესის პოლიტიზაციაზე მეტყველებს", - აცხადებს კაპანაძე.
ამასთან, მინისტრის მოადგილე საქართველოს მხრიდან "კეთილი ნების" გამოჩენად აფასებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მოსკოვთან მოლაპარაკებების გამართვაზე დათანხმებას.
"საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გამოიჩინა კეთილი ნება, როდესაც რუსეთთან ვმო-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობა გამოთქვა, სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოფიციალურად მოგვმართა ამ მოლაპარაკებების განახლებაზე... როგორც წესი, ვმო-ს წევრი სახელმწიფოები გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს მოთხოვნების საკმაოდ გრძელი სიით მიმართავენ ხოლმე და ამ მოთხოვნებში ისეთი მოთხოვნებიცაა, რომლებიც საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ჩვენ ასეთი რამ არ გაგვიკეთებია; მხოლოდ იმ საკითხზე განვაგრძეთ საუბარი, რაზეც აქამდეც ვსაუბრობდით - საბაჟო ადმინისტრაციის ტრანსპარენტულობის გაუმჯობესებაზე. ეს უკვე სერიოზული გამოვლინებაა ჩვენი კეთილი ნების და იმის, რომ საქართველო ცივილიზებული წესებით აპირებს თამაშს რუსეთთან", - განმარტავს მინისტრის მოადგილე.
მისივე თქმით, ქართული მხარე რუსეთთან პოლიტიკურ საკითხებს სხვა ფორმატებში განიხილავს, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებებზე.
"ასევე მზად ვართ განვიხილოთ ეს საკითხები ორმხრივადაც. ვმო-ს ფარგლებში დეოკუპაციის საკითხებს ჩვენ არ განვიხილავთ და არც ვაპირებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ისე გაწევრიანდება ვმო-ში რომ არ მოაგვარებს საქართველოს და რუსეთის საბაჟო ტერიტორიებს შორის არსებულ უკანონო ვაჭრობის და საბაჟო ადმინისტრირების საკითხებს. ამ საკითხების მოგვარება აუცილებელია, მაგრამ სტატუს-ნეიტრალური მექანიზმების გამოყენებით", - დასძენს კაპანაძე.