დიდ ბრიტანეთსა და კონტინენტალურ ევროპას შორის დამაკავშირებელ გვირაბში "ევროსტარის" მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია.
ოფიციალური განცხადებებით, მატარებლების მოძრაობის შეწყვეტა ძლიერი ყინვის გამო მომხდარმა მასშტაბურმა დაზიანებებმა გამოიწვია.
პარასკევსა და შაბათს, გვირაბში ტემპერატურული ცვლილებისა და ყინვის შედეგად 5 სამგზავრო მატარებელი დაზიანდა და 2 ათასზე მეტმა მგზავრმა დანიშნულების ადგილას შესაბამის დროს ჩასვლა ვერ შესძლო.
შაბათს, გვიან ღამე, მწყობრიდან გამოვიდა კიდევ ერთი მატარებელი, რომელიც გვირაბში დარჩენილი მგზავრების გადასაყვანად იქნა გაგზავნილი.
გვირაბის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა მგზავრები, რომლებიც მატარებელში შუქის, საჭმლისა და წყლის გარეშე დარჩნენ, კენტის საგრაფოში სადგურ ებსფლიტში ჩამოესვა.
"ევროსტარის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დღეისთვის ყველა სამგზავრო რეისი გაუქმებულია და გვირაბში მატარებლები მხოლოდ მისი ტესტირებისთვის გაიგზავნებიან.