კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის შეფასებით, საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის სიტუაცია იმაზე გაცილებით უარესია, ვიდრე აგვისტოს ომამდე იყო.
"ბევრი სერიოზული ბარომეტრით, სიტუაცია არის გაცილებით უარესი, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე იმის გამო, რომ საქართველოში დევნილთა ახალი ტალღა გაჩნდა. გარდა ამისა, უარეს სიტუაციაში ვართ ჩვენს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების განთავსების რაოდენობის კუთხით. 2005 წლის მაისის გადაწყვეტილებით, გუდაუთის გარდა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან გაყვანილი იყო რუსული ბაზები. აგვისტოს ომის შემდეგ კი აქ უფრო მეტი რაოდენობის რუსი სამხედრო დამკვიდრდა", - განუცხადა ხუციშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი შეფასებით, ერთადერთი პოზიტიური დინამიკა, რაც 2008 წლის აგვისტოს ომს მოჰყვა, ის არის, რომ რუსეთმა თავისი თავი გამოააშკარავა და მსოფლიოში მისი როლი გამოავლინა.
"ერთადერთი დინამიკა, რომელსაც ოფიციალური წრეები შენიშნავენ და ყოველთვის ხაზგასმით საუბრობენ, არის ის, რომ რუსეთმა უფრო გამოააშკარავა თავისი თავი. ამის გამო იყო მოლოდინი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სხვა პოლიტიკას ჩამოაყალიბებდა მის მიმართ, რაც დეოკუპაციაში დაგვეხმარებოდა, თუმცა ამას ნამდვილად ვერ ვხედავთ. პირიქით, ვხედავთ გადატვირთვის პოლიტიკას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ვხედავთ ძალთა გადანაწილებას ევროპაში იმის სასარგებლოდ, რომ რუსეთთან კონსტრუქციული და პარტნიორული ურთიერთობები ააწყონ (განსაკუთრებით ისეთი წამყვანი ქვეყნების მხრიდან, როგორებიცაა საფრანგეთი და გერმანია), - განმარტა კონფლიქტოლოგმა.
ხუციშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული საკუთარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს და, ფაქტობრივად, ახალი სტრატეგია შეიმუშაოს.
"საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგიის შინაარსი (მართალია, სახელწოდება არამომგებიანად იყო ჩამოყალიბებული) პოზიტიურ მომენტებს მოიცავდა. ის იყო გაწვდილი ხელი, აღიარება იმისა, რომ საჭიროა დიალოგი, საჭიროა სახალხო დიპლომატია, კომუნიკაცია არა მხოლოდ საზოგადოებებს შორის, არამედ ხელისუფლებებს შორის, თუმცა, ამის მიუხედავად, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობაში მივიღეთ უკანსვლა - ხელისუფლების არსებული პოლიტიკითა და ბოლო პერიოდში მიღებული სხვა დოკუმენტებით, სტრატეგიის დოკუმენტის გადახაზვა მოხდა. ახლა უკვე, პრაქტიკულად, თავიდან უკვე დავსახოთ სტრატეგია, რაც ნაკლებსავარაუდოა, რომ აფხაზებისა და ოსებისთვის მისაღები იქნება მაშინ, როცა საქართველო მხოლოდ ერთ მხარესთან - რუსეთთან კონფლიქტს აღიარებს. რა თქმა უნდა, აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენი მთავარი პრობლემა უკავშირდება მოსკოვს, მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ გაქვს მოუგვარებელი კონფლიქტები აფხაზებსა და ოსებთანაც. რა რეაქციას ველოდებით მათგან, როცა მათ მარიონეტებს ვეძახით?" - დასძინა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 7 აგვისტოს სამი წელი სრულდება.