დღეს, 19 დეკემბერს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენების დღეა (ძველი სტილით 6 დეკემბერი).
წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა ქრისტეშობიდან 257 წელს. მის კეთილმსახურ მშობლებს - თეოფანესა და ნონას - შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. წმინდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული: მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა. ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმიდა ნიკოლზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო.
ნიკოლოზი სიყრმიდანვე საღვთო წერილით იწვრთნებოდა; წმინდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ჯერ მედავითნედ დაადგინა იგი, შემდეგ კი მღდვლად აკურთხა.
გონიერებით გამორჩეული ჭაბუკი მორწმუნეებში ღრმა პატივისცემას იწვევდა.
ერთხელ პათარის ეპისკოპოსი იერუსალიმის მოსალოცად გაემგზავრა და სამწყსოზე ზრუნვა ნეტარ ნიკოლოზს გადააბარა. უფლის რჩეულმა სიყვარულით აღასრულა მორჩილება, მღვდელმთავრის დაბრუნების შემდეგ კი გამოითხოვა კურთხევა წმიდა მიწის მოლოცვაზე. ბოლოს ნეტარმა გადაწყვიტა, უდაბნოში გასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ზეციურმა ხმამ შეაჩერა და სამშობლოში დაბრუნება უბრძანა. განმარტოების მაძიებელი ღირსი მამა ლუკიაში წმიდა სიონად წოდებული სავანის ძმობაში შევიდა, მაგრამ უფალმა ისევ მიანიშნა, რომ ეს არ იყო მისთვის განმზადებული სამკალი და ერში გასვლა უბრძანა. საღვთო ხილვაში მაცხოვარმა ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება გაუწოდა ნეტარს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა - ომოფორი.
იმჟამად ქალაქ მირონში მთავარეპისკოპოსი გარადაცვლილი იყო და ახალი მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა. ამ დროს ერთ-ერთ მათგანს უფალი გამოეცხადა და უბრძანა, რომ ღამით ტაძრის კარებთან დამდგარიყო: "პირველი, ვინც შემოვა, ჩემი რჩეულია, მას ნიკოლოზი ჰქვია". ამასობაში ნეტარი ნიკოლოზი მირონში ჩავიდა და იმ ღამითაც, ჩვეულებისამებრ, ტაძარში წავიდა ცისკრის ლოცვების მოსასმენად. როცა კარებთან მდგარმა ეპისკოპოსმა საყდარში პირველად შემოსულის სახელი შეიტყო, ხელი ჩაჭიდა მას და უფლის რჩეულის მოლოდინში იქვე თავმოყრილ სხვა მღვდელმთავრებს შორის ჩააყენა. ხმა მომხდარის შესახებ სწრაფად გავრცელდა ქალაქში და სულ მალე ურიცხვი ხალხი მოაწყდა ტაძარს.
იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. წმინდა ნიკოლოზი არ შემდრკალა - კვლავ ქადაგებდა ღვთის სიტყვას, რისთვისაც შეიპყრეს და სხვა მართლმორწმუნეებთან ერთად საპყრობილეში ჩააგდეს. ბოლოს დევნა შეწყდა ტახტზე წმიდა მოციქულთა სწორი კონსტანტინე დიდი (306-337) ავიდა, რის შემდეგაც ნეტარი მწყემსთავარი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.
325 წელს წმიდანი მონაწილეობდა ნიკეის I მსოფლიო საკლესიო კრებაზე, რომელმაც ნიკეის სარწმუნოებოს სიმბოლო მიიღო. გადმოგვცემენ, რომ არიოზთან საღვთისმეტყველო კამათში ჩაბმულმა წმინდა ნიკოლოზმა ვერ გაუძლო ერეტიკოსის ღვთისმგმობელი სიტყვების მოსმენას და მთელი თავყრილობის თანდასწრებით კვერთხი ჩაარტყა ბილწ ერეტიკოსს. ამისთვის წმიდანს ხარისხი აჰყარეს, მაგრამ კრების რამდენიმე მამამ საღვთო ჩვენებით იხილა, რომ ნეტარს ერთ მხარეს მაცხოვარი ედგა სახარებით ხელში, მეორე მხარეს კი - ღვთისმშობელი ომოფორით და, საღმრთო ჩვენებით, კვლავ მღვდელმთავრის პატივში აღადგინეს უფლის რჩეული.
წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი საწაული აღასრულა.
მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს.
წმინდა ნიკოლოზი მიცვალების შემდეგაც ურიცხვ სასწაულს აღასრულებს.