საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტაჟიორებს სერთიფიკატებს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი გადასცემენ.
ევროკავშირი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინსტიტუციონალური გაძლიერების მხარდაჭერას განაგრძობს. სამინისტროს სამი საერთაშორისო დეპარტამენტის ადამიანური რესურსების განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის" ფარგლებში განხორციელებული პირველი აქტივობა სტაჟიორების ახალი პროცედურებით შერჩევა და მათი საბაზისო მომზადების კურსის ორგანიზება იყო. იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანზებით საერთაშორისო საჯარო, საერთაშორისო კერძო და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტებში სტაჟირებისთვის 10 წარმატებული კანდიდატი შეირჩა. პრაქტიკული კურსის დაწყებამდე სტაჟიორებს 9-27 ნოემბრის პერიოდში საბაზისო მომზადების კურსები ჩაუტარდათ.
სასწავლო კურსი სტაჟიორებისთვის ახალი პროცედურული სტანდარტების შესაბამისად მომზადდა და ორიენტირებული იყო იმ პრაქტიკულ საკითხებზე, რომელიც სტაჟიორებს დაეხმარება პროფესიული საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში. ინტერაქტიული ტრეინინგის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დისკუსიებში. სტაჟიორებს პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის და სხვა საჯარო დაწესებულებების მოხელეებმა გაუზიარეს.
"ძლიერ ინსტიტუტებს პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ქმნიან. ამიტომ იუსტიციის სამინისტრო ინსტიტუციონალური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად ადამიანური რესურსების განვითარებას მიიჩნევს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა.