საპარლამენტო ოპოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თოთოეულ ვაკანტურ ადგილზე სამ-სამ კანდიდატურის განაწილების პრინციპს აპროტესტებს. ამის შესახებ განცხადება დღეს სესიაზე აღნიშნული საკითხის განხილვისას "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ გააკეთა.
როგორც ვეფხვაძემ განაცხადა, მათთვის გაურკვეველია ის, თუ რა პრინციპით მოხდა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი 21 კანდიდატის შერჩევის და შემდეგ ამ კანდიდატების სამეულებად განაწილება.
მისი თქმით, გამოცხადებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 24 განაცხადი შევიდა. მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მოხვედრა პროფკავშირების პრეზიდენტს ირაკლი პეტრაშვილსაც სურდა, თუმცა იგი 21 კანდიდატს შორის არ აღმოჩნდა.
"ამ შემთხვევაში საინტერესოა, რა კრიტერიუმით შეარჩია პრეზიდენტმა მაგალითად იაგო კაჭკაჭიშვილი და რატომ არ მოხდა პარლამენტში თუნდაც ირაკლი პეტრიაშვილის კანდიდატურის წარმოდგენა?!" - მიმართა ვეფხვაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ზურაბ დეკანოიძეს.
ვეფხვაძისთვის ასევე გაუგებარია, თითო ვაკანსიაზე პარლამენტისთვის შეთავეზებული სამეულის შერჩევის პრინციპი და კრიტერიუმები.
თავის მხრივ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განმარტა, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა თავად კანონით გაწერილი წესების და კრიტერიუმების მიხედვით იხელმძღვანელა, რომლის შესაბამისად აქცენტი კანდიდატების პროფესიაზე, მათ საქმიანობასა და საზოგადოებრივ რეპუტაციაზე გაკეთდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს პარლამენტი დღეს ამტკიცებს. პირველ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილნი არიან მერაბ ბასილია, მალხაზ ნარინდოშვილი და გიგა ნასარიძე. მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე - ჯონი კალანდაძე, ნოდარ სარჯველაძე და იაგო კაჭკაჭიშვილი, მესამეზე - ლევან ფოფხაძე, ემზარ გოგუაძე და ინგა ბოლოთაური, მეოთხეზე - ავთანდილ ანთიძე, ბადრი გვარამია და ნანა გოგოჩაშვილი, მეხუთეზე - ნინო დანელია, ლელა გაფრინდაშვილი და გიორგი მელაძე, მეექვსეზე - ლია ჩახუნაშვილი, მზია გოგნიაშვილი და მაია მიშელაძე, ხოლო მეშვიდე ვაკანტურ თანამდებობაზე შორენა შავერდაშვილი, თამაზ ბიბილური და მიხეილ აიდინოვი.
აღნიშნული საკითხის განხილვას პარლამენტში დღეს წინ უძღვოდა პარლამენტის თავმჯდომარის მკაცრი საყვედური კანდიდატების მიმართ, რომელთა დამტკიცებაც ლამის პარლამენტის დღის წესრიგიდან მოხსნა. დავით ბაქრაძემ პლენარულ სხდომაზე საკმაოდ კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა, როცა აღმოჩნდა, რომ საკითხის განხილვისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზში საზოგადოებრივი მაუწყებლის კანდიდატები არ იმყოფებოდნენ.