ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ლომის ბოკვერი ზოოოპარკში მიიყვანა. ძიუდოისტი ზოოპარკში დღეს დილით გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელთან ერთად მივიდა.
ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, "როგორც ჩანს, ბექაურს არ ეგონა, რომ რაღაც საშინელებას ჩადიოდა", მისივე თქმით, ასეთი ცხოველების ყოლა კანონით მიზანშეწონილი არ არის.
„დღეს დილით მოვიდა და ბოკვერი გადმოგვცა საჩუქრად. დანარჩენი ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი. შეწუხებული იყო. როგორც ჩანს არ ეგონა, რომ რაღაც საშინელებას ჩადიოდა. არაფერი უთქვამს, საიდან როგორ იყო. გარემოს დაცვის სამინისტრო საქმის კურსშია და მისი წარმომადგენელი ესწრებოდა ამ ყველაფერს. ჩვენ ისე კერძო პირისგან ვერ მივიღებდით, თუ არ არის სახელმწიფო უწყება ჩართული. არსებობს კანონი, რომლის მიხედვით ასეთი ცხოველების ყოლა მაინცდამაინც არ არის დაშვებული", - განუცხადა გურიელიძემ ტვ პირველს სატელეფონო ჩართვისას.