სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ინფორმაციით, პრობაციის ეროვნული სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა ნაწილს მომდევნო წლიდან ხელშეკრულებას არ უგრძელებენ და დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებენ.
"2024 წლის 25 დეკემბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა პრობაციის ეროვნული სააგენტოში რამდენიმე სოციალურ მუშაკს დაურეკეს და აცნობეს, რომ მომავალი 2025 წლიდან აღარ უგრძელებდნენ შრომის ხელშეკრულებას და თავისუფლდებოდნენ დაკავებული თანამდებობიდან.
ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ დრომდე დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსების მხრიდან ეს თემები არ განხილულა, სოციალურ მუშაკებს ჩვეულ რეჟიმში ეწერებოდათ საქმეები და აგრძელებდნენ მუშაობას. ამასთან ერთად ქვეყანაში არსებობს კვალიფიციური სოციალური მუშაკების კრიტიკული დეფიციტი, რის გამოც ხშირად დასაქმებულებს უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება პირადი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის ხარჯზე. ამ ფაქტს თავად სოციალური მუშაკების დამსაქმებლებიც ხშირად აღნიშნავენ. შესაბამისად არ არსებობდა კადრების შემცირების რაიმე საჭიროება, არამედ - პირიქით. მეტიც ქუთაისში არასრულწლოვანთა რეფირების ცენტრიდან გაათავისუფლეს ერთადერთი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ხოლო ამ სპეციალისტების მუშაობის გარეშე ცენტრის ფუნქციონირება შეუძლებელია.
ჩვენ უკვე წლებია ვხედავთ, როგორ ვერ აცნობიერებენ დამსაქმებლები სოციალური მუშაობის საჭიროებას საზოგადოების დახმარების, დაცვისა და განვითრების პროცესში. არა ერთი რეორგანიზაცია გვინახავს, რომლის დროსაც სოციალური მუშაკები დაუსაბუთბლად გაათავისფულეს, რითაც ზიანი მიაყენეს როგორც დასაქმებულებს ისე სფეროს და ბენეფიციარებს.
ამჯერადაც ვხედავთ სრულიად გაუმართლებელ პროცესს და გვაქვს ეჭვი, რომ ამჯერად პოლიტიკური შეხედულებების გამო ათავისფულებენ კვალიფიციურ კადრებს. ჩვენი პროფესიული კავშირი და სრულიად პროფესიული თემი წინ აღვუდგებით ამ უსამართლობას და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტსა თუ სოლიდარობის სხვადასხვა აქტს!
საზოგადოებას რეაგირების შემდგომი ნაბიჯების შესახებ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას." - წერია განცხადებაში.