აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის დალილა ხორავას ინფორმაციით, აფხაზეთში ე.წ. „ღორის გრიპით" სამი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც დღეს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე დალილა ხორავამ განაცხადა, სამი ადამიანი 16-17 დეკემბერს გარდაიცვალა. "ექიმების ვარაუდით გრიპის გამო დაიღუპნენ, თუმცა, არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, ვინაიდან შესაბამისი აღჭურვილობა არ გააჩნიათ",-აღნიშნა დალილა ხორავამ.
მისი განმარტებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას 1 300-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. 60 ავადმყოფი ჰოსპიტალიზებულია, ხუთის მდგომარეობა კი მძიმეა. გალიდან და ტყვარჩელის ზონიდან სამედიცინო დაწესებულებაში სამ წლამდე ასაკის 230 ბავშვი მიიყვანეს.
დალილა ხორავა აფხაზეთში მცხოვრებლებს მოუწოდებს, მიმართონ ზუგდიდის საავადმყოფოს, სადაც შესაბამის მკურნალობას აღმოუჩენენ. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას კი სთხოვს, ამბიციები გვერდზე გადადოს და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა გაააქტიუროს.