18 დეკემბერს "გაერთიანებული ტელეკომი" ქალაქ რუსთავში განახლებულ სერვისცენტრს გახსნის (მეგობრობის ქ. # 9). კეთილმოწყობილი, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი დარბაზი აბონენტებს სხვადასხვა სერვისს შეთავაზებს: დავალიანების დაფარვა, დეტალური ამონაბეჭდის მიღება, სერვისების გააქტიურება, შეჩერება, გაუქმება. ამოქმედდება პრეტენზიების განხილვის სამსახურიც.
კომპანია რუსთავში მომხმარებლებს ყველა ტიპის პროდუქტს სთავაზობს: ფიქსირებულ და უკაბელო სატელეფონო მომსახურებას, ინტერნეტსერვისს. 7500 აბონენტს ემსახურება ორი ციფრული სადგური, 12 და 14 სატელეფონო ინდექსებით.
"გაერთიანებული ტელეკომის" მიზანია, თბილისი და რეგიონები თანაბრად განვითარდეს სატელეკომუნიკაციო პროდუქტების მიწოდების და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით. განახლებული სერვისცენტრი რუსთაველებს ყველა პირობას შეუქმნის სწრაფად და კომფორტულად მიიღონ მომსახურება. რუსთავში მიმდინარეობს აქცია, რაც მოსახლეობას საშუალებას აძლევს 40 ლარად დაიდგან ტელეფონი და მიიღონ "გაერთიანებული ტელეკომის" სერვისები. ამ აქციამ მნიშვნელოვნად გაზარდა აბონენტთა რაოდენობა", - განაცხადა "გაერთიანებული ტელეკომის" ქვემო ქართლის ფილიალის დირექტორმა ლევან ურუშაძემ.
"გაერთიანებული ტელეკომის" მომხმარებლები რუსთავში, სერვისცენტრის გარდა სატელეფონო დავალიანებას ქალაქში განთავსებული კომერციული ბანკებისა და ტერმინალების საშუალებითაც დაფარავენ.
რუსთაველებს შესაძლებლობა ეძლევათ, სრულყოფილი დსლ მომსახურება უკვე ადგილზე მიიღონ. აბონენტები ინტერნეტმომსახურებას თბილისიდან იღებდნენ, რაც სირთულეს ქმნიდა. ივნისიდან დსლ მომსახურება სრული სერვისით რუსთავში ამოქმედდა.
"ქვემო ქართლი - ტელეკომი" მომავალი წლიდან რეგიონის მასშტაბით ციფრულ ტექნოლოგიებზე გადართავს არსებულ სატელეფონო სადგურებს. ამჟამად მიმდინარეობს ბოლნისის მოძველებული სადგურის (700 აბონენტი) გადაყვანა ციფრულ ტექნოლოგიებზე, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას 1500 აბონენტამდე გაზარდოს მომხმარებელთა რაოდენობა და დაიწყოს ინტერნეტსერვისის დანერგვა. რეგიონის მასშტაბით ციფრული სადგურები ფუნქციონირებს რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში, ხოლო 2010 წლის დასაწყისში ციფრული სადგური თეთრიწყაროს მოსახლეობასაც მოემსახურება.