კონფლიქტების გაშუქების სკოლის პირველი კურსი დასრულდა. ჟურნალისტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო რეპორტაჟებისთვის ფულადი ჯილდო ტელეკომპანიების "საქართველოს" და "იმედის" გადამღებ ჯგუფებს: გიორგი თუხარელს, ალექსანდრე გაბელიას, ლევან ტაბიძეს და დავით ზაუტაშვილს ერგოთ. კურსის მონაწილეები წამახალისებელი პრიზებითაც დასაჩუქრდნენ.
დაჯილდოების ცერემონიას თავდაცვის სამინისტროსა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) წარმომადგენლები, ასევე ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დენის კიფი ესწრებოდნენ. როგორც ელჩმა აღნიშნა, ასეთი სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საგანგებო სიტუაციებში აუცილებელია, მედიის წარმომადგენლები სათანადო დონეზე იყვნენ მომზადებულები.
სწავლება 6-13 დეკემბერს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მიმდინარეობდა. კურსი, რომელიც 6-მა სატელევიზიო ჯგუფმა გაიარა, მონაწილეებს საგანგებო სიტუაციების გაშუქებისთვის საჭირო ცოდნის შეძენასთან ერთად კრიზისულ ვითარებაში მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაშიც დაეხმარება. კონფლიქტების გაშუქების სკოლაში ჟურნალისტებმა ასევე შეისწავლეს როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის საკითხები ისე ბრძოლის ველზე პირველადი სამედიცინო დახმარების წესები და სხვა.
სპეციალურად ჟურნალისტებისთვის სწავლების ბოლო დღეს სიმულაცია გაიმართა - მათთვის სპეციალურად დაიდგა გატაცებული უცხოელის ტერორისტებისგან გამოხსნის საჩვენებელი ოპერაცია. სწორედ ამ სიმულაციური საბრძოლო მოქმედებების შესახებ მოამზადეს ჟურნალისტებმა სპეციალური საკონკურსო რეპორტაჟები.
კონფლიქტების გაშუქების სკოლა თავდაცვის სამინისტროს და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ერთობლივი ინიციატივით 5 დეკემბერს გაიხსნა; სწავლება კი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებული პროექტის "ხიდების აგება/კავშირების გაღრმავება სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში განხორციელდა.