ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტის რეგისტრაცია სავარაუდოდ 2010 წლის დასაწყისში მოხდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მედეა ინაშვილმა განუცხადა.
"ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი ჯერ რეგისტრირებული არ არის, მაგრამ 2009-ში ხელი მოეწერა ე. წ. ემისიების შესყიდვის ხელშეკრულებას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგისტრირებამდე, რადგან ეს ხელშეკრულება აყალიბებს პირობებს ინვესტორსა და მასპინძელ ქვეყანას შორის. ამიტომ 2010-ში მოსალოდნელია ამ პროექტის რეგისტრაცია", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ინაშვილმა. ამ პროექტის საკრედიტო პერიოდი 10 წელია, მისი განხორციელება დაახლოებით 7 200 000 ტონა ჩO2-ეკვივალენტით შეამცირებს სათბურის გაზების ემისიას.
პროექტს შპს "ენგურჰესთან" ერთად ნიდერლანდების "ნახშირბადის დაფინანსების მრავალმხრივი ფონდი" განახორციელებს. პროექტის ინვესტორია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკომისია და საქართველოს მთავრობა.