18 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ სას ივერიაში" საერთაშორისო ფონდი ''კურაციო'' 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის ყველაზე წარმატებულ სტუდენტს გამოავლენს. გამარჯვებული სტუდენტი 250 ლარის ოდენობის სტიპენდიას 1 სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს.
გამოვლენილი სტუდენტი საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" სახელობის სტიპენდიის პროგრამის პირველი გამარჯვებული იქნება. აღნიშნული პროგრამის შექმნის იდეა 2009 წელს გაჩნდა. ამ ინიციატივით საერთაშორისო ფონდი "კურაციო" საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მომავალი პროფესიონალების აღზრდასა და სტუდენტების მოტივირებას ისახავს მიზნად.
საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" სახელობის სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის მეოთხე კურსის, ბაკალავრიატის პროგრამის ყველა სტუდენტს. კონკურსი ყოველი წლის გაზაფხულზე გამოცხადდება, შედეგად კი იმ წლის ყველაზე წარმატებული სტუდენტი გამოვლინდება.
საერთაშორისო ფონდი "კურაციო" წარმოადგენს არამომგებიან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 1994 წელს. ორგანიზაციის საქმიანობა ფოკუსირებულია ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაზე სამხრეთ კავკასიაში (1995 წლიდან), ცენტრალური აზიის რეგიონში (1998 წლიდან), ჩრდილოეთ აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში (2004 წლიდან). დაარსების დღიდან დღემდე საერთაშორისო ფონდ ''კურაციოს'' განხორციელებული აქვს 100-ზე მეტი პროექტი და ანალიტიკური კვლევა.