საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2009 წლის ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 72.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8.3 მლნ აშშ დოლარით, ანუ 10.3 პროცენტით ნაკლებია ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ძირითადად რუსეთიდან მათი ნაკადების კლებამ გამოიწვია 6.0 მლნ აშშ დოლარით, ანუ 13.5 პროცენტით.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.5 პროცენტი იმ 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 8 ქვეყანაზე მიმდინარე წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 88.6 პროცენტი მოდიოდა.
2009 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.1 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 6.5 მლნ აშშ დოლარისა ამავე წლის ოქტომბერში.